ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა"

"ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს, დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა დაკარგული აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეუწლილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია.

გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს და დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ.  

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.


ასევე წაიკითხეთ:

პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს